რა მინდა? რას ველი? რა მჭირდება?

balloon

სანამ წაიკითხავდეთ ჩემს რიგით მეორე ჩანაწერს(პირველი ბოლოსთვის მოვიტოვე), მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზროვნება და ფიქრები რადიკალურად შეცვლილია. შეიძლება 14-15 წლის მოზარდმა ამ ჩანაწერში ამოიცნოს საკუთარი თავი, რადგან ამ მომენტში ცოტა დაბნეული ვიყავი(ხომ ხვდებით, გარდატეხის ასაკი და ამბები).

*            *            *

რა ხდება ჩემს მომავალში? ვინ მელოდება იქ? მინდიხარ მომავალო! უთვალავჯერ მიცდია შენი დახატვა და წარმოდგენა გონებაში, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ხნის ტკბობის შემდეგ ვეშვები ამას, რადგან ძალიან შორს მივდივარ და ვიკარგები.

რას მიმზადებ მომავალო? ვინ გამიმხელს ამას შენს გარდა? ნაადრებად ვცდილობ შენს ამოცნობას, თან სულ ტყუილად. ვინ ან რა მაიძულებს შენზე ფიქრს? არ ვიცი. იქნებ მე თვითონ შემიძლია შენი მართვა და ყოველდღე ვაწყობ, ვამზადებ მომავალს? მაინც მგონია, რომ ჩემთვის წინ რაღაც ახალი არის მომზადებული, ცუდი თუ კარგი. ეს სიახლე მოთმინებით ელოდება ჩემს მოსვლას, მაგრამ სამწუხაროდ მე მივიჩქარი მასთან. რატომ? მე ხომ მინდა დავტკბე დღევანდელი დღით. იქნებ მომავალი უფრო დამატკბობს და გამიქარვებს უაზრო ბავშვურ დარდებს დაფიქრებს? რატომ მეტირება? რატომ მინდა ხოლმე გავექცე ყველაფერს და მარტოობაში გავატარო გარკვეული დრო? მე ხომ არაფერი მაკლია დღეს. მაგრამ მაინც მგონია, რომ მაკლია. ეს რისი ბრალია? უმადური ვარ თუ მართლა მჭირს რამე? ვინ დამეხმარება თუ არა შენ, მომავალო?

*            *            *

აი სულ ესაა. გამახსენდა ტექსტი. ძალიან ბევრი კითხვაა არა? ალბათ მართლა რაღაც მაწუხებდა. იცით, არასდროს არ ვჩქარობდი ცხოვრებაში. მინდოდა ბავშვობა უფრო დიდი ხანი გაგრძელებულიყო. რატომღაც მგონია, რომ ახლაც ბავშვი ვარ, მაგრამ აი მომადგა აბიტურიენტობა და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში უნდა გადავეშვა სტუდენტობაში. არა მართალია, პირველკურსელი არც ისეთი დიდია და სიბრძნითაც ვერ იტრაბახებს, მაგრამ ეს ხომ ‘დიდობის’ პირველი ნაბიჯებია! მეშინია? შეიძლება კი, შეიძლება არა. უფრო არა, რადგან მომავლისგან, ცხოვრებისგან ისევ ველი რაიმე ახალს, უფრო კარგს, საინტერესოს და მრავალფეროვანს.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , | Leave a comment

ჩემი ჩანაწერები

alice-diary-vol-15-dark-greenერთი მწვანე ბლოკნოტი მაქვს შენახული უკვე ორი წელია. ამ ბლოკნოტში 2012 წლიდან მოყოლებული რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ზოგი მოკლეა, ზოგი საკმაოდ დიდია და მახსოვს ერთის წერის დროს ვიტირე (ეს პირადი განცდებია), მაგრამ დღემდე იმდენი რაღაც შემემთხვა, ბევრი დამიგროვდა დასაწერი. შეიძლება ჯერ არ მინდა ამ ამბებზე ვწერო და წარსულს ჩავაბარო. მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავწერ.

ოთხი ჩანაწერი მაქვს ჯერჯერობით და მინდა გაგიზიაროთ.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , | Leave a comment

თემას გადავუხვიოთ – ჰომოფობია

როგორც გითხარით, წიგნების გარდა კიდევ სხვა თემებზეც ვილაპარაკებ ჩემს ბლოგზე. ახლა მინდა გელაპარაკოთ თემაზე, რომელიც მე პირადად დროგამოშვებით მაწუხებს (მაშინ, როცა ამ თემაზე უმრავლესობის აზრი მესმის).

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემს აზრს ამ თემაზე, და საერთოდ ყველა თემაზე თავს არავის ვახვევ. უბრალოდ როგორც ყველა სრულუფლებიან ადამიანს ამ და სხვა დანარჩენ თემაზე ლაპარაკის უფლება საერთოდ მაქვს (თუმცა ბევრს არ აქვს სურვილი მოისმინოს მსგავსი თემები). დიდ შესავალს არ გავაკეთებ და დავიწყებ.

ჰომიფობია. რატომ არსებობს? და საერთოდ რა არის ჰომოფობია? მოგეხსენებათ ფობია ნიშნავს შიშს. ჰომო, შემოკლებითი ვარიანტია ჰომოსექსუალისა. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ჰომოსექსუალების შიშია მაგრამ უფრო კონკრეტულად ჰომოფობია – ჰომოსექსუალობის, ჰომოსექსუალთა უსაფუძვლო შიშია, განდგომა და დისკრიმინაცია.

დავუბრუნდეთ კითხვას, რატომ არსებობს? რატომ გეშინიათ ხალხო? რისი გეშინიათ? რატომ გძულთ? რატომ კლავთ? უამრავი კითხვის დასმა შემიძლია ამაზე. თქვენ რა თქმა უნდა თქვენი არგუმენტები გაქვთ: რელიგია კრძალავს, რისთვის იღუპებოდნენ ისტორიული გმირები, გადავშენდებით, ეს ხომ ავადმყოფობაა! და სხვა უამრავი მსგავსი არგუმენტი. ყველა ამ არგუმენტზე შემიძლია გიპასუხოთ.

969054_10201328958451175_851529296_nრელიგია კრძალავსო? სადმე წერია ასეთი რამე, რომ ორ ადამიანს  ან ერთი სქესის წარმომადგენლებს არ უნდა უყვარდეთ ერთურთი? მე როგორც ვიცი, არსად. კი ბატონო, ნათქვამია, რომ ქალი და კაცი ერთმანეთისთვისაა შექმნილი რათა გამრავლდნენ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. რა? ღმერთმა იმის ნება დაგვრთო, რომ გვძულდეს ერთმანეთი? არა! აბა მაშინ რატომ გქვიათ ჰომოფობები? რატომ დასდევთ ჰომოსექსუალებსა და არა მარტო (ლაპარაკია მათზე, ვინც მათ უფლებებს იცავს, მაგრამ საკუთრივ ჰომოსექსუალები არ არიან) მოსაკლავად და რატომ დარბიან მამაოები ტაბურეტკებით აქციებზე (17 მაისი 2013 წელი)? ეს სიძულვილი არ არის? სირცხვილია ხალხო! ადამიანი რომელიც შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის, კი არ იცავს რელიგიას, არამედ ჰყვება ემოციებს და ანთხევს თავის სიძულვილს! ქმნის დაჯგუფებას, რომელსაც მხოლოდ სიძულვილი, ვინმეს დაჩაგვრის, დამცირების, ცემის და ყველაზე საშინელი, მოკვლის სურვილი ამოძრავებს. აი ბრბო! აი ნამდვილი სიბოროტე!

ისტორიული გმირები, არა? პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ისტორიული გმირები გვიცავდნენ არა მხოლოდ ‘ნატურალებს’ არამედ მთელს ერს, მიწას, სამშობლოს! მგონი ეს თქვენი არგუმენტი არაა ძალიან დამაჯერებელი და ძლიერი.

აჰა, გადავშენდებითო. საოცრებაა პირდაპირ! აქამდე რატომ ვარსებობთ? რატომ ჯერ არ გადავშენდით? მინდა მოგახსენოთ, რომ ჰომოსექსუალიზმი არსებობს საუკუნეები! ის არ გაჩენილა დღეს. ათასწლეულები არსებობს მთელს მსოფლიოში და გაგიკვირდებათ, საქართველოშიც! ნეტავ რა დაგვემართა, წესით გადაშენებულები უნდა ვიყოთ. რავიცი აბა, ან ვინ იცის საერთოდ?..

black-white-gay-straightაი არგუმენტზე – ეს ხომ ავადმყოფობაა! – მეცინება კიდევაც. რა შეატყვეთ ამას ავადმყოფობის? რამე უცნაური სჭირს ჰომოსექსუალს ჯანმრთელობისკენ რაც თქვენ არ გჭირთ? მათ თქვენნაირი აგებულება აქვთ, თქვენნაირი ორგანოები და ადამიანური ავადმყოფობები ემართებათ. ისინი თქვენნაირი სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. მაშინ რაშია საქმე? აჰა, ფსიქოლოგიაო. შეიძლება ფსიქოლოგიით მხოლოდ იმიტომ განსხვავდებით მათგან, რომ თქვენ საპირისპირო სქესი მოგწონთ, მათ კი თავისივე სქესი. ეს უბრალოდ თქვენს მიერ შექმნილ ჩარჩოებს სცდება, მეტი არაფერი.

უმრავლესობა, უმცირესობა… ეჰ, რა ვქნა. მეცოდებიან ისინი, ვინც იმ 17 მაისის აქციაზე ხალხის საცემად და მოსაკლავად იყო წასული. უკვე დაიცინნენ კიდევაც სუპერმენებივით რომ დაფრინავდნენ ჰაერში ოღონდ იმ ყვითელი მარშუტკისთვის მიეღწიათ და ფანჯარა ჩაემტვრიათ. ხალხო მოგიწოდებთ! დაანებეთ სხვის ცხოვრებას თავი და დაკავდით საკუთარით. დარწმუნებული ვარ პრობლემები ყველას გექნებათ და თუ საქმე თქვენს თავში დაგროვილ ნეგატიურ ფიქრებში და თქვენს სხეულებში დაგროვილ ზედმეტ ენერგიაშია, წადით სადმე ბუნებაში და იყვირეთ, ან სპორტდარბაზში ჩამოკიდებულ ბალიშს ურტყით. ძალიან რელიგიურები რომ გგონიათ თავი, ცოდვას ჩაიდენთ, ადამიანს სცემთ, მოკლავთ, შემდეგ ეკლესიაში წახვალთ, მოინანიებთ და მორჩა ყველაფერი? სამოთხეში მოხვდებით? სისულელეა! ღმერთი ყველაფერს ხედავს და ჩემი აზრით არანაირი ცოდვა არ მოგეტევებათ, სანამ თქვენ არ გაიაზრებთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ და ეს მეორეჯერ აღარ განმეორდება. არამარტო გაიაზრებთ, არამედ შეასრულებთ კიდევაც. და არ მგონია, რომ იმ აქციიდან ვინმე ასე მოიქცა.

რავიცი, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ზოგი დამეთანხმება და მომიწონებს ასეთ ფიქრს, ზოგს შევძულდები და ჩემი ორიენტაციის ცოდნის გარეშე მოუნდება მოვიდეს და რამე ჩამარტყას, გამლანძღოს.. ის იცოდეთ მარტო, რომ თქვენი სიძულვილით მე ვერაფერს დამაკლებთ და თქვენი ცუდი აზრი ჩემზე, არ მაინტერესებდა, არ მაინტერესებს და არც არასდროს დამაინტერესებს. საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდით ხალხო.

არ ვუკეთებ პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს, ეს ვერც მოხდება, რადგან ადამიანი იბადება ჰომოსექსუალად და ვერავის თავის ორიენტაციას თავს ვერ მოახვევს. ბიჭს თუ მოსწონს გოგო, ყოველთვის ესე იქნება და ვერ დააძალებთ გინდა თუ არა ბიჭი მოგწონდესო. პროპაგანდაზე საუბარი სრული სისულელეა.

არა ჰომოფობიას!

stop-homophobic-bullying

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , , | Leave a comment

დეტექტივები და მე

ახლა მინდა დაგელაპარაკოთ ჩემს ერთერთ უსაყვარლეს ჟანრზე – დეტექტივზე. უამრავი დეტექტივი მაქვს წაგითხული. იმდენი, რომ მართალი გითხრათ არც მახსოვს ზოგი მათგანი მაგრამ მაინც გამოვარჩევდი რამოდენიმე მწერალს: ყველას გეცოდინებათ, რა თქმა უნდა ცნობილი ართურ კონან დოილი, აგატა კრისტი. გეცოდინებათ შვედი მწერალი სტიგ ლარსონი,  ცნობილი თავისი “მილენიუმის ტრილოგიით”. ასევე მომხიბლეს რუსმა მწერლებმა და ერთერთი მათგანი არის დარია დანცოვა თავისი მრავალრიცხოვანი დეტექტივებით. ქართველებიც არ ჩამორჩებიან, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს წაკითხული ქართული დეტექტივი.

ძირითადად რა მხიბლავს დეტექტივებში? ზუსტად ის, რაც ყველა ამ ჟანრის მოყვარულს – საიდუმლოებით მოცული დანაშაულები და ეტაპობრივად, სხვადასხვა საინტერესო ისტორიების ფონზე მათი გახსნა, ბოროტებასთან ბრძოლა, ინტრიგები… აი ახლა ვწერ და მაჟრიალებს, რა მაგარია!

მოდით რადგან ეს ბლოგი უფრო წიგნების განხილვაზეა, ამ პოსტში განვიხილავ სტიგ ლარსონის ცნობილ ტრილოგიას. ამ ტრილოგიაში შედის: “გოგონა დრაკონის ტატუთი” (რომელზეც სხვათა შორის გადაღებულია მაგარი ფილმი), “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”. სამივე წიგნი საკმაოდ სქელია მაგრამ იმდენად საინტერესოა, რომ გითრევს და ვერ ამჩნევ თუ რამდენს კითხულობ ერთ ჯერზე. სამივე წაკითხული მაქვს და ყველა მათგანს გაგაცნობდით მაგრამ მოდით მაინც მივყვეთ რიგს და ჯერჯერობით პირველს გაგაცნობთ.

gogona-drakonis-tatuti“გოგონა დრაკონის ტატუთი”. ერთ დღეს ძალიან მომინდა მაგარი დეტექტივის წაკითხვა, რომელიც დიდი ხანი გრძელდება. წიგნების მაღაზიაში მირჩიეს სწორედ ეს. საკმაო სისქე და ყდაც კი მომეწონა და ვიყიდე. მართალს გეუბნებით, ნამდვილად არ ვინანე.

ამ რომანის მთავარი გმირები არიან: ჟურნალისტი – მიქაელ ბლუმკვისტი და გონებაშეზღუდულად გამოცხადებული მაგრამ ამ დროს უძლიერესი ჰაკერი (პარადოქსი) – ლიზბეთ სალანდერი. პირველ წიგნში, ლიზბეთი და მიქაელი ეხმარებიან 82 წლის, საკმაოდ მდიდარ კაცს გამოიძიონ, თუ ვინ მოკლა ორმოცი წლის წინ ამ ადამიანის უსაყვარლესი ძმის შვილი. პირველი რომანი, როგორც მომდევნო ორი, სავსეა ძალიან საინტერესო მოვლენებით, მოულოდნელი თავდასხმებით, მკვლელობებით, ინტრიგებით, უკანონო საქმიანობით, კანონთან ბრძოლით და რაღა დავამატო არ ვიცი. აი პირველი რომანი კი ისეთი მოულოდნელი შედეგით სრულდება, რომ პირდაპირ გეტყვით პირი ღია დამრჩა! ამ წიგნის  ბოლოსკენ რომ მივედი და კვანძის გახსნა იწყებოდა მე თვითონაც ვერ შევამჩნიე, რომ ჩვეულზე სწრაფად დავიწყე კითხვა, ბოლო ღამე კიდევ გავათენე, ოღონდ არ დამეხურა წიგნი ისე, რომ არ გამეგო რითი დამთავრდებოდა. ახლა გამახსენდა ის განცდები და ავღელდი! მაინც რა არის ეს წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნება რა!

ნამდვილად ყველას გირჩევთ ამ წიგნის, ამ ტრილოგიის წაკითხვას. ვისაც აქამდე არ წაუკითხავს დეტექტივი, არ მოსწონს ეს ჟანრი და ჰგონია რომ არც მოეწონება, დამიჯერეთ, შეგიყვარდებათ! მართალი გითხრათ, “ჰარი პოტერის” არ იყოს, მესამე წიგნი რომ დავასრულე, ცოტა გული დამწყდა. კმაყოფილების გრძნობა მქონდა რა თქმა უნდა, რადგან ის მივიღე დეტექტივისგან, რასაც ველოდი, მეტი თუ არა, მაგრამ მაინც ის გრძნობა, რომ მორჩა, ყველაფერი დასრულდა ცოტა საწყენია. ერთადერთი მინუსი ამ წიგნის, თუ საერთოდ ითვლება ეს მინუსად, არის ის, რომ წიგნი არ არის დაყოფილი თავებად, არამედ ეპიზოდებად. ადვილი გასარჩევია და მე პირადად დეტექტივის კითხვა ასე უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, მაგრამ ეს უკვე სუბიექტურია.

რაღა დავამატო, გითხარით ის, თუ რატომ მიყვარს ასე ძალიან დეტექტივები და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდით ისინი, ვისაც აქამდე არ გქონდათ წაკითხული ამ ჟანრში წიგნი.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , , , , , | Leave a comment

დანიელ პენაკი – “რომანივით საკითხავი”

book_4f0ab028551ac

როგორც ვთქვი, ჩემი შემდეგი პოსტი იქნება შეიძლება ითქვას მკითხველის უფლებებზე, კერძოდ კი დანიელ პენაკის წიგნზე “რომანივით საკითხავი”.  ამ წიგნზე ბევრი მსმენია სანამ წავიკითხავდი.  შემთხვევით გადავაწყდი ბიბლიოთეკაში და ფიქრის გარეშე ავიღე წასაკითხად. იმდენად საინტერესო ყოფილა, რომ ჩამითრია და ბიბლიოთეკაშივე საკმაოდ ბევრი წავიკითხე. რა თქმა უნდა სახლში წამოვიღე დასამთავრებლად.

პენაკმა კითხვისგან დიდი სიამოვნება მიმაღებინა, რაც ჩმი აზრით არა არის ხშირი მოვლენა. ამ წიგნის ყოველ გვერდზე წერია რაღაცა საინტერესო, ის, რაც ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად შეხვდებით ფრანგულ იუმორს, რაც უფრო გაგიხალისებთ კითხვის პროცესს.

იცით მართალი გითხრათ ხშირად გადააწყდებით ისეთ აბზაცს ან თუნდაც წინადადებას, რომელიც საკუთარ ნათქვამს გაგახსენებთ. აი თუნდაც ეს:

“როცა ამბობენ,კითხვის დრო არ მაქვსო,ეს ნიშნავს,რომ კითხვის სურვილი არ აქვთ.იმიტომ,რომ თუ დავუკვირდებით,კითხვის დრო არავის აქვს.ყოველდღიური ცხოვრება კითხვას არ გულისხმობს”.

გეცნობათ არა? ალბათ გაინტერესებთ წიგნის სრული შინაარსი. იცით რა ხდება? წიგნში კონკრეტული ისტორია და თავგადასავალი არ არის აღწერილი. აბა მაშინ რა არის ასეთი საინტერესო?  წიგნში შეიძლება ითქვას პენაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა შეაყვარო ადამიანს კითხვა. ეს ყველაფერი არაა აღწერილი როგორც მორიგი ინსტრუქცია. არა, ძალიანაც საინტერესოდ, მხატვრულად და მოკლედ, როგორც წიგნის სახელი გვეუბნება რომანივით საკითხავია.

იყო საინტერესო რომანის მკითხველი არის უდიდესი ბედნიერება, თავშესაფარი. კითხვის დროს ყველა პრობლება, გულისტკივილი თუ დარდი გიქრება, მიდის სადღაც შორს და შენ იძირები წიგნში, ყოველ ნაბიჯზე მიჰყვები მის გმირებს და ხდები კიდევაც ერთერთი მათგანი.

პენაკი ყველას გვაძლევს კითხვის თავისუფლებას. წიგნის ბოლოს მან ჩამოგვიწერა კიდევაც მკითხველის ათი უფლება – იკითხე სადაც გინდა, როგორც გინდა, საიდანაც გინდა… ეს უფლებები სწორედაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წავიკითხოთ სიამოვნებით.

მე ყველას განურჩევლად გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, როგორც მკითხველებს, ასევე არამკითხველებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის ძალიან ადვილი წასაკითხი,გასაგები და გასააზრებელი. ასევე ქართულ თარგმანზე მინდა გითხრათ რომ ძალიან მომეწონა, პირადად გეტყვით, რომ იდეალურია. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც მწერალთან რამდენი საერთო გაქვთ. მკითხველები დიდად ისიამოვნებთ ამ წიგნის აღმოჩენით, არამკითხველები კი შეიძლება ითქვას შეიცვლით სტატუსს ამ მხრივ და დაიწყებთ სხვა საინტერესო წიგნების ძიებას.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , , , | Leave a comment

დასაწყისისთვის

გამარჯობა! არ დავიწყებ ჩემი თავის წარდგენას რადგან ყველანი საკმარისად მიცნობთ. უკვე დიდი ხანია მინდოდა შემექმნა საკუთარი ბლოგი, მაგრამ ვერა და ვერ მოვუყარე ამას თავი. ზუსტად ახლა მომეცა მიზეზი განმეხორციელებინა ჩემი სურვილი. ბევრი ვიფიქრე თუ რაზე დამეწერა და საბოლოოდ ავირჩიე ჩემი ერთერთი უსაყვარლესი თემა: წიგნები, კერძოდ კი მინდა დავწერო ჩემი პირადი რეცენზიები და მოკლე შინაარსები იმ წიგნებისა, რომლებიც აქამდე მქონდა წაკითხული.

არ მინდა მიმყავდეს ბლოგი მკაცრად დასახულ ჩარჩოებში, რადგან ჩემი აზრით ცოტა მოსაწყენი იქნება, ასე რომ შიგადაშიგ გამოვაქვეყნებ პოსტებს სხვადასხვა თემებზეც.

აი ასე.. მოკლედ, გაგაცანით ჩემი ბლოგის თემატიკა და მომავალი გეგმები. შეიძლება ვინმე არ დაინტერესდეს ჩემი ბლოგით და არ წაიკითხოს. ყოველ მკითხველს აქვს თავისი უფლებები. პრინციპში ჩემი პირველი პოსტიც ამ სიტყვებს ეყრდნობა. წიგნს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე და საკმაოდ მომხიბლა.

მ.ც.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , | Leave a comment

Blog at WordPress.com. The Adventure Journal Theme.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.