Posts Tagged With: ჰომოფობია

თემას გადავუხვიოთ – ჰომოფობია

როგორც გითხარით, წიგნების გარდა კიდევ სხვა თემებზეც ვილაპარაკებ ჩემს ბლოგზე. ახლა მინდა გელაპარაკოთ თემაზე, რომელიც მე პირადად დროგამოშვებით მაწუხებს (მაშინ, როცა ამ თემაზე უმრავლესობის აზრი მესმის).

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემს აზრს ამ თემაზე, და საერთოდ ყველა თემაზე თავს არავის ვახვევ. უბრალოდ როგორც ყველა სრულუფლებიან ადამიანს ამ და სხვა დანარჩენ თემაზე ლაპარაკის უფლება საერთოდ მაქვს (თუმცა ბევრს არ აქვს სურვილი მოისმინოს მსგავსი თემები). დიდ შესავალს არ გავაკეთებ და დავიწყებ.

ჰომიფობია. რატომ არსებობს? და საერთოდ რა არის ჰომოფობია? მოგეხსენებათ ფობია ნიშნავს შიშს. ჰომო, შემოკლებითი ვარიანტია ჰომოსექსუალისა. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ჰომოსექსუალების შიშია მაგრამ უფრო კონკრეტულად ჰომოფობია – ჰომოსექსუალობის, ჰომოსექსუალთა უსაფუძვლო შიშია, განდგომა და დისკრიმინაცია.

დავუბრუნდეთ კითხვას, რატომ არსებობს? რატომ გეშინიათ ხალხო? რისი გეშინიათ? რატომ გძულთ? რატომ კლავთ? უამრავი კითხვის დასმა შემიძლია ამაზე. თქვენ რა თქმა უნდა თქვენი არგუმენტები გაქვთ: რელიგია კრძალავს, რისთვის იღუპებოდნენ ისტორიული გმირები, გადავშენდებით, ეს ხომ ავადმყოფობაა! და სხვა უამრავი მსგავსი არგუმენტი. ყველა ამ არგუმენტზე შემიძლია გიპასუხოთ.

969054_10201328958451175_851529296_nრელიგია კრძალავსო? სადმე წერია ასეთი რამე, რომ ორ ადამიანს  ან ერთი სქესის წარმომადგენლებს არ უნდა უყვარდეთ ერთურთი? მე როგორც ვიცი, არსად. კი ბატონო, ნათქვამია, რომ ქალი და კაცი ერთმანეთისთვისაა შექმნილი რათა გამრავლდნენ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. რა? ღმერთმა იმის ნება დაგვრთო, რომ გვძულდეს ერთმანეთი? არა! აბა მაშინ რატომ გქვიათ ჰომოფობები? რატომ დასდევთ ჰომოსექსუალებსა და არა მარტო (ლაპარაკია მათზე, ვინც მათ უფლებებს იცავს, მაგრამ საკუთრივ ჰომოსექსუალები არ არიან) მოსაკლავად და რატომ დარბიან მამაოები ტაბურეტკებით აქციებზე (17 მაისი 2013 წელი)? ეს სიძულვილი არ არის? სირცხვილია ხალხო! ადამიანი რომელიც შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის, კი არ იცავს რელიგიას, არამედ ჰყვება ემოციებს და ანთხევს თავის სიძულვილს! ქმნის დაჯგუფებას, რომელსაც მხოლოდ სიძულვილი, ვინმეს დაჩაგვრის, დამცირების, ცემის და ყველაზე საშინელი, მოკვლის სურვილი ამოძრავებს. აი ბრბო! აი ნამდვილი სიბოროტე!

ისტორიული გმირები, არა? პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ისტორიული გმირები გვიცავდნენ არა მხოლოდ ‘ნატურალებს’ არამედ მთელს ერს, მიწას, სამშობლოს! მგონი ეს თქვენი არგუმენტი არაა ძალიან დამაჯერებელი და ძლიერი.

აჰა, გადავშენდებითო. საოცრებაა პირდაპირ! აქამდე რატომ ვარსებობთ? რატომ ჯერ არ გადავშენდით? მინდა მოგახსენოთ, რომ ჰომოსექსუალიზმი არსებობს საუკუნეები! ის არ გაჩენილა დღეს. ათასწლეულები არსებობს მთელს მსოფლიოში და გაგიკვირდებათ, საქართველოშიც! ნეტავ რა დაგვემართა, წესით გადაშენებულები უნდა ვიყოთ. რავიცი აბა, ან ვინ იცის საერთოდ?..

black-white-gay-straightაი არგუმენტზე – ეს ხომ ავადმყოფობაა! – მეცინება კიდევაც. რა შეატყვეთ ამას ავადმყოფობის? რამე უცნაური სჭირს ჰომოსექსუალს ჯანმრთელობისკენ რაც თქვენ არ გჭირთ? მათ თქვენნაირი აგებულება აქვთ, თქვენნაირი ორგანოები და ადამიანური ავადმყოფობები ემართებათ. ისინი თქვენნაირი სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. მაშინ რაშია საქმე? აჰა, ფსიქოლოგიაო. შეიძლება ფსიქოლოგიით მხოლოდ იმიტომ განსხვავდებით მათგან, რომ თქვენ საპირისპირო სქესი მოგწონთ, მათ კი თავისივე სქესი. ეს უბრალოდ თქვენს მიერ შექმნილ ჩარჩოებს სცდება, მეტი არაფერი.

უმრავლესობა, უმცირესობა… ეჰ, რა ვქნა. მეცოდებიან ისინი, ვინც იმ 17 მაისის აქციაზე ხალხის საცემად და მოსაკლავად იყო წასული. უკვე დაიცინნენ კიდევაც სუპერმენებივით რომ დაფრინავდნენ ჰაერში ოღონდ იმ ყვითელი მარშუტკისთვის მიეღწიათ და ფანჯარა ჩაემტვრიათ. ხალხო მოგიწოდებთ! დაანებეთ სხვის ცხოვრებას თავი და დაკავდით საკუთარით. დარწმუნებული ვარ პრობლემები ყველას გექნებათ და თუ საქმე თქვენს თავში დაგროვილ ნეგატიურ ფიქრებში და თქვენს სხეულებში დაგროვილ ზედმეტ ენერგიაშია, წადით სადმე ბუნებაში და იყვირეთ, ან სპორტდარბაზში ჩამოკიდებულ ბალიშს ურტყით. ძალიან რელიგიურები რომ გგონიათ თავი, ცოდვას ჩაიდენთ, ადამიანს სცემთ, მოკლავთ, შემდეგ ეკლესიაში წახვალთ, მოინანიებთ და მორჩა ყველაფერი? სამოთხეში მოხვდებით? სისულელეა! ღმერთი ყველაფერს ხედავს და ჩემი აზრით არანაირი ცოდვა არ მოგეტევებათ, სანამ თქვენ არ გაიაზრებთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ და ეს მეორეჯერ აღარ განმეორდება. არამარტო გაიაზრებთ, არამედ შეასრულებთ კიდევაც. და არ მგონია, რომ იმ აქციიდან ვინმე ასე მოიქცა.

რავიცი, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ზოგი დამეთანხმება და მომიწონებს ასეთ ფიქრს, ზოგს შევძულდები და ჩემი ორიენტაციის ცოდნის გარეშე მოუნდება მოვიდეს და რამე ჩამარტყას, გამლანძღოს.. ის იცოდეთ მარტო, რომ თქვენი სიძულვილით მე ვერაფერს დამაკლებთ და თქვენი ცუდი აზრი ჩემზე, არ მაინტერესებდა, არ მაინტერესებს და არც არასდროს დამაინტერესებს. საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდით ხალხო.

არ ვუკეთებ პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს, ეს ვერც მოხდება, რადგან ადამიანი იბადება ჰომოსექსუალად და ვერავის თავის ორიენტაციას თავს ვერ მოახვევს. ბიჭს თუ მოსწონს გოგო, ყოველთვის ესე იქნება და ვერ დააძალებთ გინდა თუ არა ბიჭი მოგწონდესო. პროპაგანდაზე საუბარი სრული სისულელეა.

არა ჰომოფობიას!

stop-homophobic-bullying

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , , , , | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.